რომპეტროლის კუთვნილმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ულტრათანამედროვე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები რუმენეთში, ქალაქ ნავოდარში გაიმართა, სადაც რომპეტროლმა 11 ქვეყნის მედია წარმომადგენლებს და სტუმრებს უმასპინძლა.
კომპანიამ შეაჯამა 4 ათეული წლის მუშაობის შედეგები, დააჯილდოვა ქარხნის ვეტერანები და თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს „პეტრომიდიის“ განვითარებაში. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის და პრესკონფერენცია, მოეწყო მედია ტური ქარხანაში, ზღვის ტერმინალზე და საოპერაციო ოფისში. ღონისძიებების ციკლი დაიხურა გრანდიოზული წვეულებით, რომელსაც 1500-მდე სტუმარი დაესწრო.
თავისი არსებობის მანძილზე ქარხანამ 122,8 მილიონი ტონა პროდუქცია გადაამუშავა. მასშტაბური, კომპლექსური და ეტაპობრივი მოდერნიზაციის შედეგად ბოლო წლებში ქარხნის წარმადობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს დამყარდა 11 საწარმოო რეკორდი, ხოლო მთელი წლის განმავლობაში გადამუშავდა 5,92 მილიონი ტონა ნედლეული, რაც პეტრომიდიის 40 წლიანი ისტორიის ყველაზე მაღალი შედეგია და ქარხნის ნომინალურ მაჩვენებელსაც კი აღემატება.
კომპანია „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის. KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. 11 ქვეყანაში მომუშავე ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში რომპეტროლი 14 წლის წინ შემოვიდა და ერთ-ერთ ლიდერ ნავთობკომპანიას წარმოადგენს. მისი ქსელი მთელი ქვეყნის მაშტაბით 81 ავტო-გასამართი სადგურითაა წარმოდგენილი.
„პეტრომიდია“ სწორედ ის ქარხანაა, საიდანაც რომპეტროლი გადამუშავებულ ევრო-5-ის საწვავს ქართველ მომხმარებელს აწვდის. როგორც რომპეტროლის პირველი პირები აცხადებენ, საქართველოში კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს - სოლიდური ინვესტიციის შედეგად ბაზრის წილის 20-დან 25 %-მდე ზრდა, 2020 წლის ბოლომდე 10 ახალი ავტო-გასამართი სადგურის გახსნა და დამატებითი სერვისების დანერგვა.
„კომპანია რომპეტროლი ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ყველა იმ ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია. ვაგრძელებთ განვითარებას საქართველოს ბაზარზეც. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რომ ჩვენს სადგურებზე მომხმარებლებს საწვავის გარდა სხვა პროდუქტებიც შევთავაზოთ, კერძოდ კი ჩვენი ბრენდის - „ჰეის“ სუპერმარკეტების შემოსვლა საქართველოშიც იგეგმება. ყოველწლიურად რომპეტროლი 60 მილიონამდე კლიენტს ემსახურება და უახლოეს წლებში ამ რაოდენობის ზრდა მოხდება“- განაცხადა რომპეტროლის ბიზნეს ერთეულის საცალო ოპერაციების დირექტორმა ანკა ბანჩუმ.
„საქართველო დღეს მზად არის იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი საწვავის მიწოდება. ჩვენი მთავარი ქარხანა ევროკავშირში მდებარეობს და შესაბამისად მხოლოდ ევროპული სტანდარტის პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩვენს ზოგიერთ კონკურენტს საქართველოს ბაზარზე მოუწევს გარკვეული ცვლილებების გატარება, მათ შორის მიმწოდებლების შეცვლის კუთხით, თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან უკვე წლებია საქართველოს ევრო 5 სტანდარტის საწვავს ვაწვდით“- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.
ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 114 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს.
KMG თრედინგ AG-ის მეშვეობით, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, ჯგუფი გახდა ლიდერი ნავთობ ბაზარზე, რომელიც ოპერირებს შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.